ანა შეპკინა
ციხელაშვილი: მთავრობა მზად არის დიალოგისთვის აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან და ამისთვის ნაბიჯებსაც დგამს
პოლიტიკა

ქეთევან ციხელაშვილი
ფოტო: Facebook
საქართველოს მთავრობა მზად არის დიალოგისთვის აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან და ამისკენ ნაბიჯებსაც დგამს, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა სოხუმში განვითარებული მოვლენების შეფასებისას.
ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, სამშვიდობო პოლიტიკის მთავარი ღერძია, რომ უნდა აეწყოს დიალოგი, თანამშრომლობა საერთო ინტერესების გარშემო.
„ჩვენ ძალიან დიდი ხანია, გაცხადებული გვაქვს და ნაბიჯებსაც ვდგამთ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან დიალოგის გაფართოებისაკენ. ეს აუცილებელია და ვფიქრობ, ამის შესაბამისი ფორმებიც არსებობს. ისევე, როგორც არსებობს სივრცე და საკითხები.
ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის (მათ შორის, ახალი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“) და, საერთოდ, ჩართულობის პოლიტიკის მთავარი ღერძი გახლავთ ის, რომ უნდა აეწყოს დიალოგი, თანამშრომლობა საერთო ინტერესების გარშემო. მათ შორის, რა თქმა უნდა, ისეთი სფეროები, როგორიც არის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების წახალისება ადამიანებს შორის.
არსებობს განათლების, ჯანდაცვის, გარემოს, სოფლის მეურნეობის და სხვა საკითხების ირგვლივ ასევე დაილოგის სივრცე და კიდევ უფრო ფართო, რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ, ამის შესაბამისი ფორმების მოძებნა შესაძლებელია. ეს ჩვენი სამშვიდობო ინიციატივის „დაუწერელი თავიც“ კი არის. იმიტომ, რომ არაერთი მოსაზრება, მათ შორის, არაფორმალურად თუნდაც აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებთან განგვიხილავს კიდეც.
თუ ეს მოხდება, რა თქმა უნდა, არის მისასალმებელი. ფორმებიც არის სხვადასხვა. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერ ადგილას. შესაძლებელია იყოს თბილისში ან თუნდაც სოხუმში. მთავარია შინაარსი და მზაობა სწორედ ამ მიმართულებით“, - განუცხადა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს.
ვითარება სოხუმში მას შემდეგ დაიძაბა, რაც არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ ადმინისტრაციის შენობაზე შტურმი მიიტანა. მასთან მოსალაპარაკებლად მისულ ე.წ. დეპუტატებს კი ხაჯიმბამ განუცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლისთვის მზად არ არის. მოგვიანებით, უზენაესმა სასამართლომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა, ხაჯიმბამ კი თანამდებობა 12 იანვარს დატოვა. დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები აფხაზეთში 22 მარტს გაიმართება.
როგორ გადააყენეს აფხაზებმა რაულ ხაჯიმბა სამ დღეში, წაიკითხეთ ბმულზე.





