საქნახშირი დაღუპული მეშახტეების ოჯახებს კომპენსაციებს გადაუხდის
პოლიტიკა

ჯამბულ ჯაყელი
"საქნახშირი" დაღუპული მეშახტეების ოჯახებს კომპენსაციებს გადაუხდის. კომპანია საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობისთვის მზად არის.
"ვუსამძიმრებ ოჯახებს და კოლექტივს. პროფესიონალები დავკარგეთ. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან და კომპენსაცია, დახმარება გავუწიოთ ოჯახებს", - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი.
"მიუხედავად კომპანის ძალისხმევისა, ზედმიწევნით შესრულდეს შრომის უსაფრთხოების ნორმები, სამწუხაროდ, ტრაგედიის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. შექმნილია მოკვლევის ჯგუფი, მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დაადგენს ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებს. გამოძიების დასრულებამდე და ტრაგედიის გამომწვევი რეალური მიზეზების დადგენამდე არ უნდა მოხდეს ამ თემით სპეკულირება. "საქნახშირი" გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ხელი შეუწყოს პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას. კომპანია გულწრფელად წუხს და გვერდით უდგას დაღუპული მეშახტეების ოჯახებს და მათ ახლობლებს", - წერია "საქნახშირის" განცხადებაში.
ტყიბულის ერთ-ერთ შახტაში უბედური შემთხვევა 9 მაისს მოხდა - ბაგირის გაწყვეტის შედეგად 4 მეშახტე 400 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. სამაშველო ოპერაცია 13 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცხედრები ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
შესაბამის სამსახურებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის დეპარტამენტის უფროსი და შრომის ინსპექტორების ჯგუფი.
განცხადებები გაავრცელეს პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა და პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.
მომხდარს გამოეხმაურა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.
შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
სამოქალაქო სექტორმა, "აუდიტორია 115"-მა და რკინიგზის პროფკავშირებმა პარლამენტთან აქცია გამართეს.





