ლევან ჩუგოშვილი
დავით უსუფაშვილი მმართველ გუნდს შეთავაზებებს უგზავნის
პოლიტიკა

დავით უსუფაშვილი
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მმართველ გუნდს 3 მთავარი ინიციატივით მიმართავს:
1.საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ახალი ტექსტი პარლმენტში კენჭისყრაზე არ დადგეს საშემოდგომო სესიამდე იურიდიულ კომიტეტში მისი დახვეწის გარეშე;
2. საპარლამენტო არჩევნების საკითხში დავუბრუნდეთ "ქართული ოცნების" მიერ 2015 წლის ივნისში ინიცირებულ და კენჭისყრისთვის მომზადებულ პროპორციულ და სამართლიან საარჩევნო სისტემას;
3. საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი თუ არაპირდაპირი წესის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მივანდოთ 2020 წელს არჩეულ პარლამენტს.
ამ ინიციატივების შესახებ დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე განსაკუთრებით აკრიტიკებს საარჩევნო სისტემის შეთავაზებულ მოდელს. "ჩვენ მივიღებთ მორიგი ხელისუფლების მორიგ კონსტიტუციას. შემოთავაზებული ვარიანტით, რომლის მიხედვითაც გამარჯვებულ პარტიას აქვს მთელი ბონუსი, მმართველი პარტია გადაიქცევა სუს-ის, ანუ სტაბილურობის "ჭეშმარიტი ბურჯის" პოლიტიკურ ანტურაჟად", - განაცხადა უსუფაშვილმა, რომელმაც პროცესში ჩართვისკენ პრემიერმინისტრსაც მოუწოდა.
28 აპრილს დავით უსუფაშვილმა ახალი ცენტრისტული პარტიის შექმნაზე გააკეთა განცხადება და საზოგადოებას სამპუნქტიანი გეგმა შესთავაზა. ცნობილი გახდა, რომ დავით უსუფაშვილი ახალი პარტიით თვითმმართველობის არჩევნებში გეგმავს მონაწილეობას, პარტია კი უსუფაშვილს თბილისის მერობის კანდიდატად წარადგენს.





