ნანუაშვილი: ტყიბულის შახტაში მომხდარი მკვლელობაა
პოლიტიკა

უჩა ნანუაშვილი
"ეს არ არის უბედური შემთხვევა, ეს არის მკვლელობა!" - სახალხო დამცველი ტყიბულის ერთ-ერთ შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევას კიდევ ერთხელ ეხმაურება.
"4 წლის განმავლობაში ვიმეორებ, რომ აუცილებელია ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნა, მაგრამ ამ რეკომენდაციას არ ითვალისწინებენ. სამუშაო ადგილზე დაღუპულთა სტატისტიკა შემაშფოთებელია. გასულ წელს დაიღუპა 58 და დაშავდა 85 ადამიანი. დროა, სახელმწიფომ პოლიტიკას გადახედოს და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს. უნდა შეიქმნას ეფექტური შრომის ინსპექტირების მექანიზმი და თუ საჭიროა, დაწესდეს სანქციები. რაც შეეხება გამოძიებას, არ მახსენდება შემთხვევა, პროცესი ეფექტურად წარმართულიყო. არავინ დასჯილა. იმედი მაქვს, ახლა მაინც ჩატარდება ობიექტურად. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო იქნება პასუხისმგებელი და თანამოზიარე იმ უბედურების, რაც ამ ოჯახებს შეემთხვათ", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ტყიბულის ერთ-ერთ შახტაში უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა - ბაგირის გაწყვეტის შედეგად 4 მეშახტე 400 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
შესაბამის სამსახურებთან ერთად ადგილზე იმყოფებიან ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის დეპარტამენტის უფროსი და შრომის ინსპექტორების ჯგუფი.
განცხადებები გაავრცელეს პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა და პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.
შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
სამოქალაქო სექტორმა, "აუდიტორია 115"-მა და რკინიგზის პროფკავშირებმა პარლამენტთან აქცია გამართეს.





