სტუდენტებისთვის გრანტების გაცემის მოქმედი წესი ორი წლით ხანგრძლივდება
პოლიტიკა

ფოტო:shutterstock.com
საქართველოს კანონში „უმაღლესი განათლების შესახებ“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ცვლილება მომზადდა. რომლის მიხედვითაც, დღეს არსებული მოდელი უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის ოდენობისა და გრანტების გაცემის შესახებ 2021-2022 წლამდე უნდა შენარჩუნდეს.
„საქართველოს მთავრობა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2021-2022 სასწავლო წლის ჩათვლით ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ ოდენობებს. საქართველოს მოქალაქეებისათვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2021-2022 სასწავლო წლის ჩათვლით უზრუნველყონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრა. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების ამ მუხლით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული საფასურის განსაზღვრა შესაძლებელია რეგენტთა საბჭოსთან შეთანხმებით”, – ნათქვამია კანონპროექტში.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით კი, საქართველოს მთავრობა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2018-2019 სასწავლო წლის ჩათვლით ადგენდა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ ოდენობებს.
edu.aris.ge-ს ინფორმაციით, ასევე საქართველოს მოქალაქეებისათვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს 2005-2006 სასწავლო წლიდან 2018-2019 სასწავლო წლის ჩათვლით უნდა უზრუნველეყოთ მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული ცვლილების მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ მიმდინარეობს უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავება.
„აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნებისათვის, მიზანშეწონილია შევიდეს ცვლილება ზემოაღნიშნულ ნორმაში და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურის განსაზღვრის ვალდებულება გახანგრძლივდეს 2021-2022 სასწავლო წლის ჩათვლით“, - აცხადებენ განათლების სამინისტროში.
„გამომდინარე იქიდან, რომ უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავებამდე პერიოდში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია აღნიშნული ვადის (ვალდებულების) გახანგრძლივება მომდევნო ორი სასწავლო წლის განმავლობაშიც, აუცილებელია, ცვლილება შევიდეს ამავე კანონში და 2018-2019 სასწავლო წლის პერიოდი შეიცვალოს 2021-2022 წლით”, – ასეთია სამინისტროს არგუმენტი ცვლილებასთან დაკავშირებით.
სამინისტრო ცვლილებების გამარტივებულად და დაჩქარებული წესით მიღებას ითხოვს, რაც გულისხმობს, რომ კანონპროექტს დეპუტეტების მხრიდან მხარდაჭერის შემთხვევვაში ერთი მოსმენით მიიღებენ. საკანონმდებლო ორგანოში ცვლილებების შესახებ მომხსნებელი კი მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე იქნება.





