სოფიო კილაძის ყოფილი ქმარი ფსიქოლოგიურ ძალადობაზე დეპუტატის ბრალდებას პასუხობს
პოლიტიკა

სოფიო კილაძე
ფოტო: Facebook
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის ყოფილი მეუღლე ავთანდილ ხარაძე კილაძეზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას უარყოფს. მის კომენტარს სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
ავთანდილ ხარაძის თქმით, სოფიო კილაძე მას 5 წლის შვილით მანიპულირებს და ნახვის საშუალებას არ აძლევს. ხარაძე ასევე ამბობს, რომ მან დეპუტატს განქორწინება 2 თვის წინ სთხოვა.
"ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ერთად არ ვცხოვრობთ, სოფო მანიპულირებს ბავშვით, არ მაჩვენებს ბავშვს, მეუბნება, რომ გაჩვენებო, მაგრამ რეალურად, ბავშვთან კომუნიკაციის საშუალებას არ მაძლევს. ორ თვეში შვილი სულ თითებზე ჩამოსათვლელად, ხუთჯერ ვნახე. ვნახულობ მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვი გამომყავს ბაღიდან, როდესაც პატარა დაღლილია, დღის ბოლოა. გვიანი შემოდგომაა, ადრე ღამდება, ფიზიკურად ბავშვის წაყვანის საშუალება არ მაქვს არსად, გარდა გასართობის ცენტრისა, სკვერისა და ა.შ. სოფო არ მაჩვენებს ჩემს შვილს და ჩემი აზრით, ის არღვევს როგორც ჩემს, ისე ბავშვის უფლებებს. მით უმეტეს, ამას თან ერთვის, რომ ჩვენ ხელი გაწერილი არ გვაქვს და არანაირი სამართლებრივი უფლება არ აქვს, ერთი სრული დღე არ მანახოს ჩემი შვილი. მან იმისთვის, რომ არ მენახა ჩემი შვილი, გამოწერა შემაკავებელი ორდერი, რათა არ მივსულიყავი ჩვენ სახლში. ასევე, პოლიციამ განმიმარტა, რომ არ უნდა დავკავშირებოდი არც ერთი კონუმიკაციის საშუალებით, არ უნდა მენახა პირადად და არ უნდა მივსულიყავი სახლში 30 დღის განმავლობაში, რასაც პირნათლად ვასრულებ. ვარ კანონმორჩილი მოქალაქე", - თქვა ავთანდილ ხარაძემ.
ხარაძის თქმით, სოფიო კილაძის მიერ მედიაში გაკეთებულ კომენტარებს წინ ყოფილ მეუღლესთან უთახმობა უძღოდა. როგორც ავთანდილ ხარაძე ამბობს, მან კილაძეს 2 ნოემბერს ბავშვის ქუთაისში, ბებია-ბაბუასთან წაყვანა სთხოვა, რაზეც დეპუტატმა უარი უთხრა.
"აქვე ვიტყვი, რომ დაბადებიდან 4 წლის განმავლობაში ჩვენ შვილს დედაჩემი ზრდიდა, მაშინ, როდესაც სოფოს არ ეცალა და კარიერის აწყობით იყო დაკავებული. 4 წლის რომ გახდა ბავშვი, ჩემი დაჟინებული თხოვნით წამოვიყვანეთ ჩვენთან თბილისში. იმაზე, რომ ბავშვი გამზრდელ ბებიას ენახა, სოფომ კატეგორიული უარი განაცხადა. ამიტომაც მივედი იმავე პოლიციაში, სადაც შემაკავებელი ორდერი გამომიწერე, დავწერე განცხადება რომ 24 საათით მიმყავდა შვილი ქუთაისში და 24 საათის შემდეგ ჩამოვიყვანდი უკან - ასეც მოვიქეცი. შაბათს წავიყვანე, კვირას დავაბრუნე და დღეს კი ტელეეთერებით ეს განცხადებები გაკეთდა სოფოს მხრიდან, რაც ყველამ მოისმინა", - თქვა ავთანდილ ხარაძემ.
ხარაძე სოფიო კილაძეს ბავშვზე ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ბავშვი შეშინებული და ამის ვიდეომტკიცებულებაც აქვს:
"ჩემთან ერთად როცა არის, 5 წლის ბავშვი, რომელმაც საათის ცნობა არ იცის, მეუბნება, რომ ერთი საათი უკვე გავიდა და სახლში უნდა დავბრუნდე, იმიტომ, რომ დედა გაბრაზდება და გაღიზიანდება. ახლა ქუთაისში როცა მყავდა წაყვანილი, როცა ვბრუნდებოდით, შებინდდა, გვაგვიანდებოდა და ბავშვმა დაიწყო ტირილი, დედა არ გაგვიღებს კარს იმიტომ, რომ გვაგვიანდება უკვეო, დედა წაგვეჩხუბებაო - ამის ვიდეო მტკიცებულებაც მაქვს. მას ასწავლიან ტყუილებს, რომ თქვას ისეთი რაღაცეები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს სოფოს თეორიულად", - ამბობს ავთანდილ ხარაძე.
"ახლა ამ ინტერვიუს მოცემაც ჩემთვის ჯოჯოხეთის გავლაა, მე არ ვარ ამ პროცესებს შეჩვეული, მაგრამ ჩემ შვილს ვერ დავთმობ. რომელ ფიზიკურ ძალადობაზეა საუბარი - 6 წლის მანძილზე მაქსიმალურად გვერდში ვედექი. ძალიან ადვილია, ვიღაცას რაღაც დააბრალო და შემდეგ იმან იმართლოს თავი. მარტივია მხოლოდ რაღაცეების დაბრალება და იმის თქმა, ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ვარო. მან შელახა ჩემი რეპუტაცია, ფეხქვეშგათელა და მთელი ქვეყნის სალაპარაკო გამხადა. ჯერ საზოგადოება იმაში ვერ გაერკვა ფსიოქოლოგიურ ძალადობაზეა საუბარი თუ ფიზიკურზე. ძალადობა იმდენად სენსიტიური თემაა, როდესაც ესმით ეს სიტყვა, სხვას არაფერს აქვს შემდეგ მნიშვნელობა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ფიზიკურ და არც ფსიქოლოგიურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ჩემი შვილი ჩემთვის ყველაფერია, მას არა და ვერ დავთმობ. მით უმეტეს, როდესაც არც ერთი მიზეზი და საფუძველი არ არსებობს იმის, რომ ჩემს შვილთან თვეში 24 საათი მაინც არ გავატარო. აუცილებლად, ყველანაირ სამართლებრივ ფორმას გამოვიყენებ ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად", - თქვა ავთანდილ ხარაძემ.
დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ დაადასტურა, რომ ყოფილი ქმრის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო და ამ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა.





