სალომე ზურაბიშვილი ავსტრიის პრეზიდენტს შეხვდა
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ალექსანდერ ვან დერ ბელენი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ტოკიოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ავსტრიელ კოლეგას, ალექსანდერ ვან დერ ბელენს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინიტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიულ მხარეს საქართველოში მიმდინარე პროცესების, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ზურაბიშვილმა ბორდერიზაციის პროცესზე, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასა და რუსეთიდან ავიარეისების შეჩერებაზე ისაუბრა. მხარეებმა ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, ვიზალიბერალიზაცია და ცირკულარული მიგრაციის მნიშვნელობის საკითხები განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ცირკულარული მიგრაცია, როგორც მიგრაციის დაძლევისა და საზღვარგარეთ დროებით ლეგალური დასაქმების მხარდამჭერი ინსტრუმენტი, საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტს წარმოადგენს. ცირკულარული მიგრაციის სქემების საპილოტე ვერსიები პოლონეთთან წარმატებით ცორციელდება და ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე მზაობა უკვე გამოთქვეს: ბულგარეთმა, ესტონეთმა, უნგრეთმა და პორტუგალიამ.
პრეზიდენტის განცხადებით, დროებითი ლეგალური დასაქმების მიმართულებით პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოვლენის თვალსაზრისით, საქართველო კვლავ განაგრძობს მუშაობას.
მხარეებმა ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობით გაფართოების პერსპექტიული მიმართულებები განიხილეს. ამასთან, ავსტრიის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი ავსტრიაში ვიზიტით მიიწვია.





