ანა ბერუკაშვილი
უმრავლესობამ პრეზიდენტს კონსტიტუციაზე სახალხო განხილვაში ჩართვა შესთავაზა
პოლიტიკა

"ქართული ოცნება" საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვაში ჩართვას სთავაზობს.
"მგონი ძალიან კარგი იქნება, თუკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს პრეზიდენტი ერთობლივად გააცნობენ მოსახლეობას და ერთობლივად გაესაუბრებიან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, მითუმეტეს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და თავად პრეზიდენტს ეს პროცესი გარკვეული პერიოდია დაწყებული აქვს, ჩვენ ახლა ვიწყებთ რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე და მგონი შეიძლება ამ ორი პროცესის გაერთიანება", - განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.
ჩუგოშვილის განცხადებით, ის არ ფიქრობს, რომ განსხვავებული მოსაზრებების გამო ეს შეხვედრები სანახაობას დაემსგავსება.
"ახლა უფრო გაფანტულია პროცესი, როდესაც ორი პარალელური პროცესი მიმდინარეობს. ყველა ზრდასრული ადამიანები ვართ და უნარი გვაქვს იმის, რომ კონსტრუქციულ რეჟიმი წარვმართოთ. ეს პირიქით საშუალებას მოგვცემს, უფრო საგნობრივ დისკუსიაში შევიდეთ და არგუმენტები ეთერებითა და მედიის მეშვეობით კი არ გავუზიაროთ ერთმანეთს, არამედ ასეთ შეხვედრებზე და საუბრების დროს", - განმარტა ჩუგოშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძე იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი შეთავაზებას დათანხმდება.
"ეს არის კარგი შეთავაზება. ეს არის ერთადერთი ლეგიტიმური ადგილი, სადაც შეიძლება საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში ისაუბრონ ადამიანებმა კონსტიტუციურ ცვლილებებზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ამას დათანხმდება და პროცესი იქნება ძალიან საინტერესო და შედეგიანი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ საყოველთაო სახალხო განხილვების საორგანიზაციო კომისიიდან შეთავაზებას ელოდებოდა.
"ყოველთვის მაინტერესებს დისკუსია ხალხთან. არავითარი ვერსია არ არის წარმოდგენილი. კონკრეტიკას ვერ გიდასტურებთ რა ფორმით, მაგრამ საზოგადოებასთან დისკუსია კონსტიტუციის ფუნდამენტურ ცვლილებაზე ჩემს ვალდებულებად მიმაჩნია. ველი იმ შემოთავაზებას, რომელიც წამოვა საორგანიზაციო კომისიისგან", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საყოველთაო სახალხო განხილვასთან დაკავშირებით შექმნილმა საორგანიზაციო კომისიამ მუშაობა დღეს დაიწყო.





