ჯანელიძე: იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ
პოლიტიკა

მიხეილ ჯანელიძე
სოხუმისა და იტალიის ქალაქ ბარის დამეგობრების შესახებ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და იტალიაში საქართველოს საელჩომ ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყო.
მინისტრის თქმით, იტალიის პოზიცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ უცვლელია და საერთაშორისო თანამეგობრობის არაღიარების პოლიტიკასთან თანხვედრაშია. „ეს არის მცდელობები, რომ მოხდეს ინფორმაციის გავრცელება, თითქოს რაღაც კონტაქტები შედგა, რაღაც შეთანხმებები გაფორმდა. უნდა აღინიშნოს ცალსახად, რომ ნებისმიერი შეთანხმება თუ მემორანდუმი არის ბათილი იტალიის კანონმდებლობის შესაბამისად თუ ის არ არის შესაბამისობაში ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკასთან", - განაცხადა ჯანელიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს საგარეო უწყება იტალიის საგარეო საქმეთა სამინიტროსთან ამ საკითხს განიხილავს. მინისტრი ამბობს, იტალიის პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით ურყევია და ნებისმიერი აქტივობა, რომელიც შესაძლოა გარკვეული არაფორმალური არხებით განხორციელდეს, არის ბათილი, არალეგიტიმური და არანარი კავშირი არ აქვს იტალიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პატივისცემასთან.
ოკუპირებული სოხუმისა და იტალიის ქალაქ ბარის დამეგობრების შესახებ ინფორმაცია თვითგამოცხადებული ხელისუფლების ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ Facebook-ზე 29 აპრილს გაავრცელა.
ამ ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა. უწყების ცნობით, გავრცელებული ინფორმაციის შესახებ უკვე ინფორმირებულია საქართველოში იტალიის საელჩო, ასევე საქართველოს საელჩო იტალიაში.





