ძიძების ნებაყოფლობითი სერტიფიცირება იწყება
პოლიტიკა

ფოტო: Shutterstock
მთავრობა ძიძების სერტიფიცირებას იწყებს. ბავშვთა უფლებების კოდექსში შესაბამისი ჩანაწერი უკვე არსებობს. ცვლილებაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა იმუშავა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ინფორმაციით, ძიძების სერტიფიცირება ნებაყოფლობითი იქნება და მის მიზანს ბავშვთა უფლებების დაცვა და ძალადობის პრევენცია წარმოადგენს.
ამ ეტაპზე ცნობილია ის, რომ სერტიფიცირება სხვა კრიტერიუმებთან ერთად ძიძის პერსონალური მონაცემების შემოწმებას, ფსიქოლოგიური მდგომარეობის დადგენას, სამედიცინო და პედიატრიულ სწავლებასაც მოიცავს.
კანონის ჩანაწერის არსს აკრიტიკებს ოპოზიცია. მათთვის გაუგებარია რას ემსახურება ძიძების ნებაყოფლობითი სერტიფიცირება მაშინ, როდესაც მსგავსი მომსახურების მქონე სააგენტოები უკვე არსებობს.
კანონი პრეზიდენტის ხელმოწერას ელოდება. სერტიფიცირებასთან დაკავშირებული კრიტერიუმების განსაზღვრისთვის კი განათლების სამინისტროს ვადა 2020 წლის პირველ მარტამდე აქვს.





