პარლამენტში ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის საბჭოს სხდომა გაიმართება
პოლიტიკა

პარლამენტი
ფოტო: Facebook
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში გაიმართება ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მე-12 სხდომა თემაზე „სუსტი პირველადი ჯანდაცვა - ჯანდაცვაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის მიღწევის ძირითადი ბარიერი“.
შეხვედრას დაესწრებიან და მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ასევე ევროკავშირის, ჯანდაცვის ადვოკატირების კოალიციის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პროექტის ბენეფიციარები.
კვლევა განხორციელდა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება პაციენტზე მორგებული პირველადი ჯანდაცვისათვის“ ფარგლებში.
კვლევამ ნათლად აჩვენა პირველად ჯანდაცვაში არსებული არასახარბიელო ვითარება, რაც უარყოფითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ჯანდაცვის დანახარჯებზე. სუსტი პირველადი ჯანდაცვა წარმოადგენს გლობალური ჯანმრთელობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფრთხეს და მოსახლეობის ჯანდაცვაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის მიღწევის ძირითად ბარიერს. აქედან გამომდინარე, „ველფეარ ფაუნდეშენი“ ყველა დაინტერსებულ მხარესთან ერთად იწყებს ამ საკითხის აქტიურ ადვოკატირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. საქართველოს პარლამენტში, 30 სექტემბერს დაგეგმილი შეხვედრაც ამ პროცესის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.
საბჭოს ფარგლებში, სხვა საკითხებთან ერთად განხილულ იქნება „ველფეარ ფაუნდეიშენის“ მიერ პირველად ჯანდაცვაზე ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია.





