პროკურატურაში გიორგი ოთხმეზური გამოკითხეს
პოლიტიკა

გიორგი ოთხმეზური
ფოტო: Imedi
გენერალურ პროკურატურაში პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალების საქმესთან დაკავშირებით გიორგი ოთხმეზურის გამოკითხვა დასრულდა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მზად არის საჭიროების შემთხვევაში სასამართლოში გამოცხადდეს. ისტორიკოსს პრეზიდენტთან შეხვედრა არ სურს, მაგრამ პასუხისმგებლობას მას აკისრებს.
„პასუხისმგებლობა ეკისრება სალომე ზურაბიშვილს. არ მაინტერესებს, ვისი გადაწყვეტილება იყო, ვინ ურჩია, ვინ ფული აიღო, ნაცნობობით გაკეთდა, სიყვარულით თუ მტრობით. ამას არ აქვს მნიშვნელობა. კითხვები სალომე ზურაბიშვილსა და დიმიტრი გაბუნიას არ შეხებია, მათი გვარები არც უხსენებიათ. ისიც მკითხეს, დამიკავშირდა თუ არა ვინმე პრეზიდენტისგან. ვუპასუხე, რომ კომუნიკაცია სცადეს, თუმცა მე უარი ვუთხარი“, - აღნიშნა ოთხმეზურმა.
გიორგი ოთხმეზური მეორე შვილმოკლული მამაა, რომელმაც დღეს ამ საქმეზე პროკურატურაში კითხვებს უპასუხა. მანამდე პროკურატურაში გამოკითხვაზე მოკლული სოსო ქოიავას მამა იმყოფებოდა.
საუბარია 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის, 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისა და 1994 წელს გიორგი ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებაზე.
პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეებზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო. ფაქტს უკვე გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
პრესაში გამოითქვა მოსაზრება, თითქოს კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალებას დიმიტრი გაბუნია ლობირებდა. გაბუნია ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მას სისხლის სამართლის საქმეებზე საადვოკატო ლიცენზია არ აქვს.
პრეზიდენტმა პატიმრების შეწყალებაზე 18 სექტემბერს მორატორიუმი გამოაცხადა.





