NDI: გამოკითხულთა 68 % ფიქრობს, რომ 20 ივნისის აქციის დაშლისას ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა
პოლიტიკა

20 ივნისის ღამე
ფოტო: არქივი
აშშ-ის „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „CRRC-საქართველოს“ მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 68 პროცენტი აცხადებს, რომ 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლისას ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა; 22 % კი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ აქციის დასაშლელად სათანადო ძალა გამოიყენა.
ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 43% ფიქრობს, რომ ივნისის აქციის მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, 14% მიიჩნევს, რომ მოვლენებზე ყველა ერთნაირად არის პასუხისმგებელი. გამოკითხულთა 9% გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ხედავს, ხოლო 8% მიიჩნევს, რომ 20 ივნისის მოვლენებზე „ნაციონალური მოძრაობაა“ პასუხისმგებელი.
20-21 ივნისის აქციებთან დაკავშირებით უკვე 20 პირზე მეტის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა.
20 ივნისს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად, საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან - 80 სამართალდამცველი. 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი თვალი დაკარგა.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.
20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.





