სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი
ფოტო: არქივი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან დიმიტრი გაბუნიას ნაცვლად ბრიფინგი თავად პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშvილმა გამართა. მისი თქმით, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის გაცემა საკუთარ თავზე აიღო.
„მინდა მივმართო საზოგადოებას, რადგან მესმის მათი წუხილი. ეს ჩემი წუხილიცაა, როცა რომელიმე ჩემს გადაწყვეტილებაზე შფოთავენ. ამიტომაც მოვედი აქ. შეწყალება არ არის ის, რაც ზოგს ჰგონია - ვინმეს გამართლება; არც რევიზიაა რომელიმე სასამართლოსი. ეს არის სუბიექტური, პერსონალური გადაწყვეტილება, მისი პასუხისმგებლობის ქვეშ. ეს არის გარემოებების, მოცემულობების შეფასება. ამიტომაც წინათაც ვთქვი, რომ ინიციატივა მაქვს - წესები, რაც შეწყალებას ეხება, გადაიხედოს. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაცია იყო. ჩემი ვერსიაც გადაეცემა თავმჯდომარეს და მომავალი კვირიდან სამუშაო ჯგუფი შედგება, რომელიც ჩამოაყლიბებს იმ წესებს, რაც შეშფოთებას აღარ გამოიწვევს. ასევე, ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
ბოლო დღეების განმავლობაში პრეზიდენტ ზურაბიშვილს 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსჯავრდებულების შეწყალებასთან, კონკრეტულად კი რამდენიმე მსჯავრდებულის შეწყალებასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ.
საუბარია 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის, 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისა და 1994 წელს გიორგი ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებაზე. მმართველი გუნდი და ოპოზიცია პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ამ საკითხის ირგვლივ დამატებით განმარტებებს მოითხოვენ.
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სულ 34 მსჯავრდებული, მათ შორის 1 არასრულწლოვანი და 8 ქალი შეიწყალა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შეწყალებულთა შორის ერთ-ერთი პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულიც იყო, რასაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. 29 აგვისტოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ფაქტის განმარტებას არ აპირებს, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.
სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მოქმედი შეწყალების კომისია რამდენიმე წევრმა დატოვა. მაშინ ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კომისიის დაკომპლექტებაზე მუშაობა დაიწყეს, თუმცა ჯერჯერობით კომისია არ მოქმედებს. კრიტიკის ფონზე 6 სექტემბერს სალომე ზუაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეწყალების გამოყენების უფლება დროულად დაიხვეწოს.
2019 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა.





