ომბუდსმენი პრეზიდენტს აკრიტიკებს
პოლიტიკა

ნინო ლომჯარია
ფოტო: არქივი
საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენებასთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს. კერძოდ, ნინო ლომჯარია პრეზიდენტის მიერ კონკრეტულ პირთა შეწყალებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კრიტიკას უერთდება და საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების პროცესი მეტად გამჭვირვალე იყოს.
„საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს 35 პირი შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. აღნიშნულმა ფაქტებმა საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. პრეზიდენტი თავდაპირველად განმარტავდა, რომ იგი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა, თუმცა, მოგვიანებით, შეწყალების პროცედურის გადახედვის სურვილი გამოთქვა.
საქართველოს სახალხო დამცველი განმარტავს, რომ შეწყალების დისკრეციული ბუნება არ გულისხმობს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მისი გამოყენების უფლებას. შეწყალება მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული ამოცანის მიღწევას - იქნება ეს სახელმწიფო, პოლიტიკური, მართლმსაჯულების ინტერესიდან თუ განსაკუთრებული ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველს მიაჩნია, საქართველოს პრეზიდენტმა მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი უნდა დააკმაყოფილოს და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობასა და არგუმენტაციასთან დაკავშირებით საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს.
16 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ასლან ბეჟანიძე შეიწყალა, რომელიც 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.
სალომე ზურაბიშვილმა 34 მსჯავრდებული, მათ შორის 1 არასრულწლოვანი და 8 ქალი, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შეწყალებულთა შორის ერთ-ერთი პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულიც იყო, რასაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. 29 აგვისტოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ფაქტის განმარტებას არ აპირებს, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.
სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მოქმედი შეწყალების კომისია რამდენიმე წევრმა დატოვა. მაშინ ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კომისიის დაკომპლექტებაზე მუშაობა დაიწყეს, თუმცა ჯერჯერობით კომისია არ მოქმედებს. კრიტიკის ფონზე 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეწყალების გამოყენების უფლება დროულად დაიხვეწოს.
2019 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა.





