ანა ბერუკაშვილი
გაერო: თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ გაწეული ხარჯი 73,5 მილიონი ლარია
პოლიტიკა

გაეროს წარმომადგენლები
ფოტო: ანა ბერუკაშვილი
საქართველოში ყოველწლიურად 11 000 ადამიანი იღუპება თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებების გამო, მათ შორის 3 000 არამწეველია - ამის შესახებ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე გაეროს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომლებიც პარლამენტის მიერ თამბაქოს კონტროლის კანონპროექტის განხილვაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ.
მათ სხვა სტატისტიკური ინფორმაციაც წარმოადგინეს, კერძოდ:
1. ერთი წლის განმავლობაში, თამბაქოზე გაღებული ხარჯები საქართველოს ეკონომიკაში მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს შეადგენს.
2. თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი 455 მლნ ლარია, ხოლო თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ გაწეული ხარჯი 73,5 მლნ ლარი.
გაეროს წარმომადგენელმა რესტორნებსა და ბარებში თამბაქოს მოხმარების სრულ აკრძალვაზეც ილაპარაკეს და აღნიშნეს, რომ ეს არა თუ უარყოფითად აისახება კვების მიწოდების სექტორის მიერ მიღებულ შემოსავალზე, არამედ მოიტანს დადებით შედეგს. ამის დასადასტურებლად კი რამდენიმე ქვეყნის მაგალითი დასახელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაერო მხარს უჭერენ პარლამენტში შესული კანონპროექტის დამტკიცებას და ამბობენ, რომ, ამ კანონის იმპლემენტაციის შემთხვევაში, საქართველო წლიურად 27 მილიონ ლარს დაზოგავს.
დღეს თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით გადის პარლამენტში.
პარლამენტმა "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით 5 აპრილს მიიღო. კანონპროექტის თანახმად, დახურულ შენობებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა 2018 წლის მაისიდან აიკრძალება. ასევე აიკრძალება თამბაქოს ყველა სახის რეკლამა და მისი რეალიზაცია თვალსაჩინო ადგილას.





