imedi
არასამთავრობოები მურუსიძისა და სულხანიშვილის უვადოდ დანიშვნას ეწინააღმდეგებიან
პოლიტიკა

5 არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების ლევან მურუსიძისა და მაია სულხანიშვილის მიერ მოსამართლის თანამდებობის უვადოდ დაკავების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ორგანიზაციების განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით, სასამართლომ უკანონოდ ცნო რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლის თანამდებობაზე იმ პირის გამწესებას გამოსაცდელი ვადით, რომელსაც აქვს სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
განცხადების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით პარლამენტს დაევალა 2017 წლის 1 ივლისამდე კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება. მოცემულ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომლის წევრების უმრავლესობასაც უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის ივნისში ეწურება, არ ელოდება პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას.
"ეს წარმოშობს ეჭვებს იმის თაობაზე, რომ საბჭო, არსებული შემადგენლობით, ცდილობს შექმნილი სამართლებრივი მდგომარეობის გამოყენებით უვადოდ დანიშნოს ბატონი ლევან მურუსიძე, რომლის თანამდებობაზე გამწესებამაც 2016 წლის იანვარში ძლიერი საზოგადოებრივი უკმაყოფილება გამოიწვია," - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი", "ადამიანის უფლებათა ცენტრი", "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" და "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის".
მოსამართლის თანამდებობაზე ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნის საკითხი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ევა გოცირიძემ 22 აპრილს გამართულ სხდომაზე გაიტანა, თუმცა იუსტიციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხის განხილვა გადაიდო.





