როგორ აფასებს ოპოზიცია პრემიერის გადადგომას
პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება, შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებია, მათ შორის სავარაუდოდ ისაუბრებენ პრემიერმინისტრის მომავალი კანდიდატურის შესახებაც. ამ ეტაპზე უმრავლესობაში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მამუკა ბახტაძის შემცვლელად შს მინისტრი გიორგი გახარია განიხილება.
პრემიერის თანამდებობიდან მამუკა ბახტაძის წასვლასთან დაკავშირებით განცხადებები და შეფასებები ოპოზიციაში გაკეთდა.
"ევროპული საქართველოს" ლიდერის, დეპუტატ დავით ბაქრაძის განცხადებით, გამოსავალი არის არა "შიდა გადანაცვლებები "ქართული ოცნების" გუნდში, არამედ ამ გუნდის მთლიანად, ერთიანად, მშვიდობიანად სახლში გაშვება და ახალი ხელისუფლების მოსვლა".
"შენების მოძრაობის" ლიდერის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ქვეყანას კარგი პრემიერმინისტრები სჭირდება, "და არა ისეთები, რომლებიც ერთწლიანი გაუგებარი საქმიანობის შემდეგ ზღაპრებს გვიყვებიან".
"ვწუხვარ, რომ მართლაც ახალგაზრდა და პერსპექტიული ადამიანი, რომელსაც ბევრი სხვა მიმართულებით შეეძლო ალბათ, ყოფილიყო წარმატებული, ასეთ მძიმე ვითარებაში ჩავაყენეთ ყველამ, ივანიშვილმა, მთელმა ქვეყანამ და საქართველომ და დავაკისრეთ ის ტვირთი, რომლის აწევა მან ვერ შეძლო", – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
უსუფაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ულტიმატუმს უყენებს საპარლამენტო უმრავლესობას და არჩევანის წინაშე აყენებს:
"დაუჭერთ მხარს გახარიას, ე.ი. ბოლომდე მიეჯაჭვებით ჩემს ნავს, არ დაუჭერთ მხარს გახარიას, მაშინ იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ვადამდე დაკარგავთ თქვენს თანამდებობებს. აქეთ მიჰყავს საქმე უმრავლესობასთან ურთიერთობაში", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით კი ბიძინა ივანიშვილს გარემოცვაში ახალი პრემიერის თანამდებობისთვის გიორგი გახარიას გარდა სხვა კანდიდატურა არ ჰყავს, ვინაიდან, ჯაფარიძის თქმით, ივანიშვილს 2020 წლის არჩევნებისთვის გამოკვეთილი ლიდერი სჭირდება.
"ბიძინა ივანიშვილს სჭირდება ლიდერი, რომელიც პარტიას გაიყვანს მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნებზე და შესაბამისად ეს ლიდერი ახლა უნდა გამოკვეთოს, იმიტომ რომ შემდეგ წელს უკვე გვიანი იქნება. მაინცდამაინც დიდი არჩევანი არ ჰქონდა: ან თვითონ უნდა გამოვიდეს და გახდეს ლიდერი და შემდეგ გახდეს პრემიერი, რისი ალბათობაც ჩემი აზრით არსებობს, ან ვიღაც ისეთი ადამიანი უნდა გამოიყვანოს ასპარეზზე რომელსაც რაღაც თვისებები მაინც ექნება", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. ის საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტს 2018 წლის 20 ივნისიდან იკავებდა. ამ პოსტზე მან გიორგი კვირიკაშვილი შეცვალა. 2017 წლის 13 ნოემბრიდან 2018 წლის 20 ივნისამდე ბახტაძე ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა, მინისტრად დანიშვნამდე კი, 2013-2017 წლებში იყო საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი.





