ნანა ქაჯაია
15 ოპოზიციური პარტიის საკანონმდებლო წინადადება პარლამენტმა არ გაიზიარა
პოლიტიკა

15 ოპოზიციური პარტიის საკანონმდებლო წინადადება პარლამენტმა არ გაიზიარა. ისინი ცვლილებების შეტანას საარჩევნო და თვითმმართველობის შესახებ კოდექსებში ითხოვდნენ. არასაპარლამენტო ოპოზიციამ დეპუტატებს ორი ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზა.
პირველი ვარიანტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოების არჩევა მხოლოდ პროპორციული სისტემით უნდა მოხდეს და შემცირდეს საკრებულოს წევრთა რაოდენობა. მეორე ვარიანტის თანახმად, კი მუნიციპალიტეტის საკრებულოები შერეული სისტემით აირჩევა, თუმცა მაჟორიტარების წილი შემცირდება. პროპორციული მანდატები ე. წ. გერმანული მოდელის მიხედვით განაწილდება და საარჩევნო ბარიერი 3% იქნება.
ოპოზიციურ პარტიებს მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სისტემა დემოკრატიულ სტანდარტებს არ პასუხობს. მათი განცხადებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოში მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა არასაპარლამენტო ოპოზიციის არცერთი წინადადება არ გაიზიარეს. კენჭისყრისას საკითხისთვის მხარი კომიტეტის არც ერთ წევრს არ დაუჭერია. არ არის გამორიცხული საკითზე მსჯელობა მომავალშიც გაგრძელდება.
15 ოპოზიციურ პარტია, რომელიც ცვლილებების განხორციელებას ითხოვენ, არიან: "ახალი მემარჯვენეები“, “ახალი საქართველო“, “ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, “გაერთიანებული დემოკრატიული-მოძრაობა“, “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“, “ევროპელი დემოკრატები“, “ეროვნული ფორუმი“, “თავისუფალი დემოკრატები“, “თავისუფალი საქართველო“, “თავისუფლება“, “ლეიბორისტული პარტია“, “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, “პატრიოტთა ალიანსი“, “ტრადიციონალისტთა კავშირი“ და “ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“.





