აბაშიშვილი: კობახიძეს მოსახლეობასთან მსჯელობა დესტრუქციული ქმედება ჰგონია
პოლიტიკა

გიორგი აბაშიშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი პარლამენტის თავმჯდომარეს პასუხობს.
"სამწუხაროა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს მოსახლეობასთან მსჯელობა დესტრუქციული ქმედება ჰგონია. უკვე მერამდენედ ისმის საკმაოდ მძიმე ბრალდება. სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან და პოლიტიკური კულტურის პრინციპებიდან გამომდინარე, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კომენტარს აღარ გააკეთებს", - ამბობს გიორგი აბაშიშვილი.
"პრეზიდენტმა კამპანია დაიწყო მაშინ, როდესაც ცვლილებები მომზადებული არ იყო. ეს არის აბსოლუტური ნონსესი. კონკრეტულ ცვლილებებზე თუ არ საუბრობ, საყოველთაო სახალხო განხილვას ეფექტი ვერ ექნება. პრეზიდენტი საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას აწვდის. მოვისმინეთ არაერთი ტყუილიც. თქვა, რომ პრემიერს მშვიდობიან პერიოდში ჯარების გადაადგილება შეუძლია. პრემიერისთვის ეს უფლება არავის მიუნიჭებია. ასეთი რამ სამხედრო დიქტატურებშიც კი არ ხდება. ეს იყო მოსახლეობის დეზინფორმირება", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების პროექტს - სამუშაო ვერსიის მუხლებს და ალტერნატიულ წინადადებებს მხარი 22 აპრილს დაუჭირა (43 მომხრე, 8 წინააღმდეგი).
პროექტი გადაეგზავნა ვენეციის კომისიას. დაიწყება ერთთვიანი საყოველთაო სახალხო განხილვა.
ცვლილებები პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე დამტკიცდება.
კომისია 4 თვის განმავლობაში მუშაობდა. პროცესში მონაწილეობაზე თავიდანვე უარი თქვა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. კომისია მუშაობის დასასრულს დატოვა ოპოზიციამ. მათი შეფასებით, მმართველმა გუნდმა პროექტი საკუთარ ინტერესებს მოარგო.
პროექტის მიხედვით: პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევს, მაჟორიტარული სისტემა უქმდება, ოჯახის დეფინიცია განისაზღვრება, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ამტკიცებს, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჩაიწერება, პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული არ არის.





