ქეთევან ქარდავა
ბრუნო ლე მერი: საფრანგეთი მზად არის საქართველოში მეტი ინვესტიცია განახორციელოს
პოლიტიკა

ბრუნო მე მერი სალომე ზურაბიშვილი
ფოტო: საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტრო
საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი ბრუნო მე მერი აცხადებს, რომ საფრანგეთი მზად არის მეტი ინვესტიცია განახორციელოს საქართველოში. ამის შესახებ მან საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ბრუნო მე მერის მიაჩნია, რომ უნდა გაძლიერდეს ეკონომიკური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის და მხოლოდ ტურიზმზე არ უნდა იყოს აქცენტი გაკეთებული.
"მქონდა პატივი მემასპინძლა საქართველოს პრეზიდენტისთვის სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელიც ძალიან კარგი მეგობარია. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე. მე გადავეცი პრეზიდენტს, რომ საფრანგეთი მზადაა მეტი ინვესტიცია განახორციელოს საქართველოში. ვფიქრობ, უნდა გავაძლიეროთ ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩვენ გვაქვს ბევრი პროექტი მაგალითად ტურიზმში. ვფიქრობ, მხოლოდ ტურიზმზე არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი, მიუხედავად იმისა, რომ ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ტრანსპორტის მიმართულებით, ქალაქის განვითარებაზე, გარემოზე. ვფიქრობ, რომ ორ ქვეყანას შორის არის სივრცე ურთიერთობების გასაღრმავებლად. ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული და საინტერესო საუბარი. მე მოუთმენლად ველოდები საქართველოში ვიზიტს ურთიერთობების გასაძლიერებლად", - განაცხადა საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა.
28 აგვისტოს სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ ბიზნეს ლიდერთა ფორუმი გახსნა. საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მან არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გამართა, მათ შორის შეხვდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟან-ივ ლე დრიანს.





