ნანა ქაჯაია
ლევან იზორია თამარ ხულორდავას ქმრის ნასამართლეობას კატეგორიულად უარყოფს
პოლიტიკა

ლევან იზორია
ფოტო: ნანუკა ქაჯაია
თავდაცვის მინისტრი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი უწყების თანამშრომელი, დეპუტატ თამარ ხულორდავას მეუღლე ლევან ვახტანგაძე ნასამართლებია, კატეგორიულად უარყოფს. იზორიამ დღეს არ გამორიცხა, რომ დაინტერესების შემთხვევაში ლევან ვახტანგაძისა და ავთანდილ ხარაძის კონკურსის შედეგები გასაჯაროვდეს.
ეს თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც “ევროპული საქართველოს” წევრმა ირმა ნადირაშვილმა იზორია ნეპოტიზმში დაადანაშაულა. ნადირაშვილმა მინისტრს მედიის საშუალებით ჰკითხა, რა ნიშნით მოხვდნენ თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დეპუტატ სოფიო კილაძისა და დეპუტატ თამარ ხულორდავას მეუღლეები.
თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატების, თამარ ხულორდავას და სოფიო კილაძის მეუღლეები, ლევან ვახტანგაძე და ავთანდილ ხარაძე უწყებაში არიან დასაქმებულები.
დეპუტატ თამარ ხულორდავას განმარტებით, გამოცდილებიდან გამომდინარე, მის მეუღლეს საჯარო სამსახურში მუშაობის კვალიფიკაციაც აქვს და კერძო სექტორშიც.





