მიხეილ ქარელის თქმით ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა გააყალბა
პოლიტიკა

მიხეილ ქარელი
ფოტო: IMEDI
ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი თანაგუნდელი მიხეილ ქარელი აცხადებს, რომ ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა გააყალბა. მიხეილ ქარელი „ქრონიკასთან“ ინტერვიუში პარიზში მომხდარ ამბავს იხსენებს და ამბობს, რომ ხალვაშსა და ოქრუაშვილს შორის 2010 წელს გაფორმებულ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი 2“-ის ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო, ხალვაშის გაყალბებული ხელმოწერაა დარტყმული.
„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის გაყალბებული ხელმოწერები. მე პირადად ვარ შესწრებული, როდესაც მან [ირაკლი ოქრუაშვილმა] პარიზში მოიტანა ნიმუში ამ ხელმოწერის და იქ მყოფ ადამიანებს სთხოვა გაეყალბებინათ მსგავს ხელმოწერაზე... გარკვეული ხნის განმავლობაში ის ავარჯიშებდა ამ ადამიანებს. მე მზად ვარ როგორც გამოძიებას, ასევე სასამართლოს წინაშე ვთქვა ამ ადამიანების სახელები და გვარები.
არც გამკვირვებია, რომ ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ ის შანტაჟის ამ ფორმით წავიდა. მას არანაირი უფლება არ აქვს რომ „რუსთავი 2“-ის მიმართ პრეტენზია განაცხადოს, მით უფრო საკუთრების უფლებაზე“, - განაცხადა მიხეილ ქარელმა.
18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.
მანამდე სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.
კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.
ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი თანამებრძოლი მიხეილ ქარელი 2002-2003 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ გორის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი, ხოლო 2004-2007 წლებში შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული იყო.





