ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტმა საქართველოს რეკომენდაციები მისცა
პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე მომხსენებლების - ბორის სილევიჩის და კირსტენ ლუნდგრენის ანგარიში მოისმინეს. ევროპის საბჭოში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მომხსენებლებმა საქართველო დადებითად შეაფასეს.
როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, მთავარი რეკომენდაცია სასამართლო რეფორმის გაგრძელების აუცილებლობა და ასევე, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებისთვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობაა.
„ორივე თანამომხსენებლის მხრიდან იყო ძალიან კარგი აქცენტები გაკეთებული. ძირითადი რეკომენდაციები, როგორც მათ საჯარო განცხადებაში არის, ეხებოდა, ერთი მხრივ, სასამართლო რეფორმის გაგრძელების აუცილებლობას, ასევე, საუბარი იყო იმაზე, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება“, - განაცხადა დეპუტატმა.
დელეგაციის წევრის, ოპოზიცის წარმომადგენლის, გიორგი კანდელაკის თქმით, მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი, საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხო და იმედი გამოითქვა, რომ ვენეციის კომისიის შენიშვნები გათვალისწინებული იქნება.
თემაზე კომენტარი გააკეთა ბორის სილევიჩმა. მისი თქმით, ვენეციის კომისიამ ქართულ მხარეს ე.წ. იტალიური საარჩევნო მოდელი შესთავაზა. "ძალიან კარგია, რომ საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო რეფორმებს იწყებს.ყველაზე პრობლემურ საკითხს მაინც საარჩევნო რეფორმა წარმოადგენს. კომისიამ საქართველოს ე.წ. იტალიური საარჩევნო მოდელი შესთავაზა. ეს შესაძლებელია, რადგან არაერთ ევროპულ ქვეყანაშია აპრობირებული, თუმცა არსებობს ეჭვი, რამდენად გაამართლებს საქართველოში. მაგალითად იტალიის პარლამენტში ბევრი პარტიაა, არჩევნების შემდეგ კი ისინი მთავრობის ფორმირებისას სირთულეებს აწყდებიან. გამარჯვებულ პარტიას შეუძლია, კიდევ დამატებითი ხმები მოიპოვოს, თუმცა საქართველოში ერთი ძლიერი პარტიაა და არა კოალიცია, ამიტომაც საეჭვოა, რამდენად გამოვა ეს მოდელი. ყველაფერი საქართველოს პარლამენტის ნებაზეა დამოკიდებული. ვენეციის კომისია ამ საკითხსაც შეეხება და საინტერესოა, რას იტყვიან ამასთან დაკავშირებით - ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა ბორის სილევიჩმა სტრასბურგში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.





