ნინო არღვლიანი
კახა ოქრიაშვილი: თუ არ ვარგა მაჟორიტარობა, მაშინ გააუქმონ ამერიკელებმაც
პოლიტიკა

კახა ოქრიაშვილი
ფოტო: ნინო არღვლიანი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე ერთსულოვანი არ არის. ამის შესახებ ოქრიაშვილმა "ქართული ოცნების" ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მან თანაგუნდელებს საკუთარი ხედვა წარუდგინა, თუ რატომ არ უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა.
"ვცდილობ დავარწმუნო გუნდი, რომ დავტოვოთ შერეული სისტემა, მაგრამ არიან ისეთები, ვინც თვლიან, რომ უნდა იყოს პროპორციული სისტემა ბონუსით. იმედი მაქვს, რომ ჩვენ აზრზე გადმოვიყვანთ მათ, რადგან მაჟორიტარობა არის საუკეთესო მოდელი. თუ არ ვარგა მაჟორიტარობა, მაშინ გააუქმონ ამერიკელებმაც", - განაცხადა ოქრიაშვილმა.
"ქართული ოცნების" დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, 5-15 მაისს, რეგიონებში გასვლით შეხვედრებს გამართავს.





