თბილისში ნაგვის დაყრისთვის 1 კვირაში 80 ადამიანი დაჯარიმდა
პოლიტიკა

თბილისში 20 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით, "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებმა, ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის 80 მოქალაქე დააჯარიმეს. ჯარიმის საერთო მოცულობა 9130 ლარია. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს თბილსერვის ჯგუფმა უთხრა.
ამასთან, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მუნიციპალური ნარჩენებით დაბინძურების 500-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოს სხვა ქალაქებში. ამ ინფორმაციას სააგენტო ipn გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამ კუთხით გააქტიურდნენ ჩვენი სამინისტროს გარემოს დაცვის ზედამხედველობის თანამშრომლები, ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მათ მიერ მუნიციპალური ნარჩენებით დაბინძურების 500-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი," - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
20 აპრილიდან თბილსერვის ჯგუფის ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებმა მოქალაქეებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენით გარემოს დაბინძურების გამო დაჯარიმება დაიწყეს. პირველივე დღეს, თბილსერვის ჯგუფის ინსპექციამ გარემოს დაბინძურებისთვის 14 სამართალდამრღვევი გამოავლინა.





