imedi
გიგაური და მუხაშავრია მოსამართლეების კრიტიკოსთა დასჯაზე ინიციატივას აკრიტიკებენ
პოლიტიკა

ეკა გიგაური ლია მუხაშავრია
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას, რომ მოსამართლეების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები გარკვეულ რეგულაციებში მოექცეს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უარყოფითად აფასებენ. ინფორმაციას სააგენტო ipn.ge ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" აღმასრულებელი დირექტორის ლია მუხაშავრიას აზრით, უმაღლესი საბჭოს ინიციატივა ჰგავს ცენზურის გაცოცხლებას.
"მედია დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია და მას აქვს უფლება, ქვეყანაში შოკისმომგვრელი იდეები და მოსაზრებები გაავრცელოს, არათუ - უბრალოდ მოსამართლეთა მიმართ კრიტიკული და მათ შორის, შეურაცხმყოფელი ეპითეტები... არ გამოვა ეს ამბავი, რაც არ უნდა კანონმდებლობა გაამკაცრონ ამ თვალსაზრისით, რადგან ნებისმიერი პირი, ნებისმიერი ჟურნალისტი ან მედიასაშუალება, რომელიც ამ კანონით აღმოჩნდება "დამნაშავე", იქნება ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების და მედიის თავისუფლების შეზღუდვის ძალიან უსუსური მცდელობის დადასტურება", - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას აკრიტიკებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაურიც.
"თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა კანონში ცვლილებების სახეს მიიღებს, იმედი მაქვს, საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს, რადგან ეს არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა... ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლება ცდილობს გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით უფრო დაბალი სტანდარტების დამკვიდრებას", - განაცხადა ეკა გიგაურმა.
26 აპრილს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეების შეურაცხმყოფელი სიტყვების ნუსხას გამოაქვეყნა. მოსამართლეების კრიტიკის პრევენციის მიზნით, კანონპროექტს იუსტიციის საბჭოს წევრი ევა გოცირიძე ამზადებს.





