imedi
კვირიკაშვილმა და გრინდიანუმ ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობის იუბილე აღნიშნეს
პოლიტიკა

ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი რუმინელ კოლეგასთან სორინ გრინდიანუსთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, საქართველოსა და რუმინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმინისტრებმა საქართველოს დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობა შეაფასეს და გამოთქვეს მზაობა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი თანამშრომლობის გაღრმავებას, რომელიც სტრატეგიული ურთიერთობების ეტაპზე გადავიდა.
რუმინეთის პრემიერმინისტრის თქმით, მოლაპარაკებების შედეგად, მხარეებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, სადაც ასახულია სამომავლო პრიორიტეტები - ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერებისა და ბიზნესსაზოგადოებების დაახლოების მიზნით.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, რუმინეთი, რომელმაც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა, მზად არის, იყოს საქართველოს პარტნიორი ორმხრივი და რეგიონული პროექტების განსახორციელებლად.
საქართველოსა და რუმინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას, რომელიც ბუქარესტში, დიპლომატთა კლუბში გაიმართა, ორი ქვეყნის მთავრობის წევრები და დიპლომატები დაესწრნენ.
პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად რუმინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის შესახებ ინფორმაციას მთავრობა თავის ვებგვერდზე ავრცელებს.





