მარიამ ქართველიშვილი
იუსტიციის საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებზე ინფორმაციის გაცემის მიზანშეწონილობაზე მსჯელობენ
პოლიტიკა

ფოტო: მარიამ ქართველიშვილი
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესახებ არსებული ინფორმაციის გაცემის მიზანშეწონილობაზე მსჯელობენ.
სხდომას სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებიან. დღეს უნდა გადაწყდეს, გადაეცემა თუ არა არასამთავრობო სექტორს აღნიშნული მონაცემები.
მესამე სექტორმა უმაღლეს საბჭოს ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით რამდენიმე კვირის წინ მიმართა. რეკომენდაცია ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმაც გასცა.
კანდიდატების პერსონალური მონაცემების გასაჯაროება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზია. არამოსამართლე წევრები აცხადებენ, რომ საბჭოს მდივანი უზენაესის კანდიდატების შესახებ ინფორმაციას მიზანმიმართულად არ ასაჯაროებს, რადგან დოკუმენტებში ხარვეზები და ბევრი კითხვის ნიშანია.
მოსამართლე წევრები განმარტავენ, რომ კანდიდატების შესახებ ინფორმაცია პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, მათ შორის საბანკო მონაცემები და სხვა.
როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენელი თათული კოდუა ამბობს, წინა სხდომაზე გაისმა უსაფუძვლო ბრალდებები იმის შესახებ, რომ სახალხო დამცველის აპარატმა სხდომაზე გამოცხადებას თავი აარიდა. სახალხო დამცველი მიუთითებს გასაჯაროების ისეთ საფუძველზე, როგორიც არის პირის თანხმობა. ეს არის რეკომენდაცია, რომელიც გულისხმობს მაღალი გამჭვირვალების უზრუნველყოფას.




