დონალდ ტუსკმა ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტური წერილიდან ამონარიდი ქართულად წაიკითხა. ვიდეო
პოლიტიკა

დონალდ ტუსკი
ფოტო: shutterstock.com
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტური წერილიდან "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი" ნაწყვეტი ქართულად წაიკითხა. მისი თქმით, ჭეშმარიტი პატრიოტი არის კოსმოპოლიტი და ყველა ნამდვილი და ჭეშმარიტი კოსმოპოლიტი არის ჭეშმარიტი პატრიოტი.
"მინდა გავიხსენო ვაჟა-ფშაველა, ერთ-ერთი უდიდესი კლასიკოსი და მისი სიტყვები პატრიოტებსა და კოსმოპოლიტებზე: "ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია", - ამბობდა ვაჟა. ზოგი ადამიანი ამბობს, რომ ჭეშმარიტი პატრიოტიზმი გამორიცხავს კოსმოპოლიტობას და ეს ასე არ არის. ჭეშმარიტი პატრიოტი არის კოსმოპოლიტი და ყველა ნამდვილი და ჭეშმარიტი კოსმოპოლიტი არის ჭეშმარიტი პატრიოტი. ყველა კოსმოპოლიტი ემსახურება თავის ქვეყანას და ცდილობს, რომ უფრო გაზარდოს და განავითაროს ის. ეს გამოთქმა უკვე 100 წელზე მეტი ხნისაა და ეს მოწმობს თავისთავად გლობალიზაციას. ასი წლის წინ ჯერ კიდევ ბატონმა ვაჟამ ბრძანა ეს და ეს გლობალიზაცია გულისხმობდა ადამიანებისა და ქვეყნების დაახლოებას", - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
სიტყვით გამოსვლა დონალდ ტუსკმა ქართულ ენაზე დაასრულა: "დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს გაუმარჯოს", - განაცხადა ტუსკმა.
ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ გაიხსნა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებაზე სიტყვით უკვე გამოვიდა პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე და სალომე ზურაბიშვილი.





