პაატა კუპატაძე
პუტინი: საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის ისტორია არ უნდა დაივიწყოს
პოლიტიკა

ვლადიმერ პუტინი
ფოტო: shutterstock.com
"საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა დაივიწყოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხებთან ურთიერთობის ისტორია, თუ მათთან ურთიერთობის დალაგება სურს", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
"1918 წელს საქართველომ გერმანიის ჯარის დახმარებით მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია. ოკუპანტები სასტიკად იქცეოდნენ. უფრო სასტიკად იქცეოდა ქართული ჯარი ოსეთში 1919-1920 წლებში. ეს სწორედ ისაა, რასაც დღეს გენოციდს უწოდებენ. ეს კარგად უნდა ახსოვდეს საქართველოს ხელისუფლებას, თუ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის დალაგება სურს", - აღნიშნა პუტინმა.
დღესვე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღება არ სურს. ეს პუტინმა ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემით და რუსულ-ქართული ურთიერთობების შენარჩუნების მიზეზით ახსნა. პუტინის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
8 ივლისს რუსეთის დუმის საგარეო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის „ედინაია რასიას“ ფრაქციის წინადადებას, რომელიც საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეზღუდვას და ორ ქვეყანას შორის ფულადი გზავნილების აკრძალვას ითვალისწინებს.
რუსი დეპუტატების ეს ინიციატივა, სავარაუდოდ, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ მოვლენებს მოჰყვა, რასაც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი და საგარეო უწყება გამოეხმაურნენ.
ამ მოვლენებს წინ უძღოდა 20 ივნისის ინციდენტი, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.
20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.
8 ივლისიდან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები შეწყდა.





