ვარლამ წიკლაური
„რუსთავი2“-თან კვერცხები და ცოცხები ისროლეს. ვიდეო
პოლიტიკა

აქცია რუსთავი 2-თან
ფოტო: ვარლამ წიკლაური
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შენობის მიმართულებით ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეების ნაწილმა კვერცხები და ცოცხები ისროლა.
ისინი არხის პირდაპირ ეთერში გიორგი გაბუნიას მონოლოგს აპროტესტებენ. ადგილზე მისული ადამიანების ნაწილი ამბობს, რომ არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თანამდებობიდან უნდა გადადგეს, ნაწილი ტელევიზიის კანონიერი მფლობელებისთვის დაბრუნებაზე აკეთებს აქცენტს, ნაწილი აცხადებს, რომ ტელევიზია გიორგი გაბუნიამ უნდ დატოვოს.
ტელეკომპანიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება პატრული და სასწრაფო დახმარების მანქანა.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა "P.S"-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსულად არაეთიკურად მიმართა.
ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს პრემირმინისტრმა მამუკა ბახტაძემ: "ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან", - განაცხადა პრემიერმა.
განცხადება გაავრცელა თბილისის მერმა კახა კალაძემაც. "დაუშვებელია „პატრიოტიზმით“ შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ", - თქვა მან.
ასევე შეფასება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
"რუსთავი 2"-ის პირდაპირი ეთერიდან წამყვანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც.
გაბუნიას მონოლოგი გააკრიტიკა არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამაც.





