imedi
საბერძნეთში არალეგალი ქართველების საკითხს განიხილავენ
პოლიტიკა

საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ლეგალიზაციის ხელშეწყობის საკითხი განიხილეს შეხვედრაზე საბერძნეთში საქართველოს ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა და საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის მინისტრმა იოანის მუზალამ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმება მიღწეულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ე.წ. "მესამე ქვეყნების", მათ შორის საქართველოს მოქალაქეების ახალი კატეგორიებისათვის, გაიხსნება საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების შესაძლებლობები. პირველ ასეთ შესაძლო კატეგორიად განისაზღვრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე მზრუნველი ადამიანების კატეგორია.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საბერძნეთი დაეხმარება საქართველოს მიგრაციის შესახებ საბერძნეთის 2014 წლის კანონის იმ მუხლების განხორციელებაში, რომლებიც, გამონაკლისის სახით, საბერძნეთში მცხოვრებ ე.წ. "მესამე ქვეყნების", მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების უფლებას აძლევს.





