ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური დაუმაგრეს
პოლიტიკა

ნიკა მელია
ფოტო: არქივი
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას სახლში პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან.
პოლიტიკოსს ელექტრონულ სამაჯურს გაუკეთებენ, რითაც მასზე ელექტრონული მონიტორინგი განხორციელდება.
პროცედურას ნიკა მელიას ადვოკატიც ესწრება.
„ღიმილისმომგვრელია ეს ბიჟუტერია ივანიშვილისგან, ვის სჯერა რომ ეს მხოლოდ გადაადგილებას აკონტროლებს?! მტერმა ისაუბრა იმ საკითხებთან დაკავშირებით, როცა არის მაღალი ალბათობა, რომ არამარტო გადაადგილება კონტროლდება, არამედ ისმინება“, - თქვა ნიკა მელიამ.
იმავდროულად პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომ ნიკანორ მელიას მიმართ ელექტრონული მონიტორინგის განხორციელება დაიწყო.
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ შესასრულებლად მიიღო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის განჩინება ნიკანორ მელიას მიმართ ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით, ზედამხედველობის განხორციელებასთან დაკავშირებით.
განჩინების შესრულება პრობაციას ეთხოვა 3 ივლისს, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ.
სააგენტოს ელექტრონული მონიტორინგის სამმართველოს უფლებამოსილმა თანამშრომლებმა 3 ივლისს ნიკანორ მელიას ელექტრონული მონიტორინგის გამოყენების ფორმა და წესები გააცნეს და დადგენილი წესით სამაჯური დაუმაგრეს.
ელექტრონული ზედამხედველობის საშუალება შედგება გადამცემის-ელექტრონული სამაჯურისა და მიმღებისაგან. სამაჯურის მოხსნა დაზიანების გარეშე შეუძლებელია, ის მიაწვდის მიმღებს ინფორმაციას, რომლის მიმართაც ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება.
ნიკანორ მელიას ინდივიდუალურად დადგენილი პერიმეტრიდან გასვლის შემთხვევაში, მიმღები სამაჯურიდან მიიღებს შესაბამის სიგნალს.
სააგენტო რეგულარულად მიაწვდის პროკურატურას ელექტრონული მონიტორინგის აპარატურის მიერ ავტომატურად გენერირებულ ინფორმაციას, რის საფუძველზეც პროკურატურა შეძლებს, გააკონტროლოს რამდენად ემორჩილება ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირი სასამართლოს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს“.
27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30-ათასლარიანი გირაო შეეფარდა.
26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა, გენერალურმა პროკურატურამ კი 25 ივნისს მას ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. საქმე ეხება 19-20 ივნისის საპროტესტო აქციას.
20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.
რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.





