სოფიკო ბერიძე
ოპოზიციური პარტიების ნაწილი ექსპერტებთან ერთად "კონსტიტუციის დასაცავად" კამპანიას იწყებს
პოლიტიკა

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი სამოქალაქო სექტორის ცალკეულ წარმომადგენლებთან ერთად "კონსტიტუციის დასაცავად" კამპანიას გეგმავს, რომელიც გულისხმობს საქართველოს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს და მათ ინფორმირებას, საჭიროების შემთხვევაში საპროტესტო აქციებს და დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრებს.
კამპანიის ლოზუნგია "დაიცავი კონსტიტუცია". კამპანიის დაწყების თაობაზე მხარეები ორსაათიანი დახურული შეხვედრის შემდეგ შეთანხმდნენ. შეხვედრას არ ესწრებოდნენ "თავისუფალი დემოკრატები", "ლეიბორისტები" და ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენლები.
კამპანიაში საპარლამენტო ოპოზიციიდან მონაწილეობენ "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო", სამოქალაქო სექტორიდან ექსპერტები სოსო ცისკარიშვილი, ბათუ ქუთელია, მამუკა გამყრელიძე, ასევე ირაკლი ტაბლიაშვილი, ირაკლი ღლონტი, გია თორთლაძე.
იმავდროულად, ოპოზიციური პატიების ნაწილმა საკუთარი პოზიციები უკვე გაუგზავნა ვენეციის კომისიას.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-საყოველთაო განხილვის პარალელური კამპანიის დაწყებას გეგმავენ. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, მათი მიზანია საზოგადოებამ ქვეყნის შიგნით და გარეთ გაიგოს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ნულოვანი კონსენსუსით დაიგეგმა.
ოპოზიციის გეგმებს უკვე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტს საკუთარი დღის წესრიგი აქვს და მუშაობა ამის მიხედვით გაგრძელდება.
საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების პროექტს - სამუშაო ვერსიის მუხლებს და ალტერნატიულ წინადადებებს მხარი 22 აპრილს დაუჭირა (43 მომხრე, 8 წინააღმდეგი).
დოკუმენტს ვენეციის კომისიას გადაუგზავნიან. დაიწყება ერთთვიანი საყოველთაო სახალხო განხილვა.
ცვლილებები პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე დამტკიცდება.
საკონსტიტუციო კომისია 4 თვის განმავლობაში მუშაობდა. პროცესში მონაწილეობაზე თავიდანვე უარი თქვა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. კომისია მუშაობის დასასრულს დატოვა ოპოზიციამ. მათი შეფასებით, მმართველმა გუნდმა პროექტი საკუთარ ინტერესებს მოარგო.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით: საქართველოს პრეზიდენტს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, უქმდება მაჟორიტარული სისტემა, კონსტიტუციით განისაზღვრება ოჯახის დეფინიცია, გენერალურ პროკურორს საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს და მისი არჩევის წესში საპეროკურორო საბჭო აღარ ფიგურირებს, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ქვეყნის უზენაეს კანონს ემატება მე-11 თავი რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას უკავშირდება, პროექტში პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული აღარ არის.





