imedi
საგარეო უწყება დამსახურებულ ქართველ ემიგრანტებს გამოავლენს
პოლიტიკა

ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენელთა გამოვლენა 2017 - ამ სახელწოდებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) ერთად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – ENIGMMA-ს (მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში) ფარგლებში აგრძელებს მუშაობას პროგრამაზე – „საქართველოს მაღალ-პროფილური დიასპორის ჩართულობა“.
პროგრამის მიზანია საქართველოს განვითარების პროცესში მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამემამულეების ჩართულობის ხელშეწყობა. გამოვლინდებიან დიასპორის წარმომადგენლები, რომლებმაც პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრობენ და ასევე, წვლილი შეიტანეს საქართველოს განვითარებაში.
2017 წლის ივნისში პროგრამის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება, რომლის მიზანია ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე თანამემამულეთა გამოვლენა და მათი დამსახურების აღიარება.
პროგრამის თანახმად, მაღალ-პროფილური დიასპორის ნომინირება შესაძლებელია შემდეგ კატეგორიებში:
მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის
ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის
ქართული სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის
საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის
სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისათვის
საქართველოს უცხოელი მეგობარი
კანდიდატების წარდგენა შესაძლებელია 2017 წლის 21 აპრილიდან 21 მაისის ჩათვლით.





