კარლ ჰარცელი: 20 ივნისს განვითარებული მოვლენები უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს
პოლიტიკა

კარლ ჰარცელი
ფოტო: არქივი
20 ივნისს განვითარებული მოვლენები საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა შეაფასა. მისი თქმით, ვითარება უძრავი არ არის და გამოძიებები დაიწყო.
"ჩემთვის, ისევე, როგორც ევროკავშირის მისიისთვის, ნათელია, რომ 20 ივნისს განვითარებული მოვლენები უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს, რადგან ამ მოვლენების შედეგად არსებობს როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური ტრავმები.
დაიწყო გამოძიება დემონსტრაციებთან დაკავშირებით, პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებასა და ძალადობისკენ მოწოდებაზე. მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ფაქტები, რადგან ყველას უნდა პასუხის მიღება და მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში სახალხო დამცველიც აქტიურადაა ჩართული, რათა გამოძიება უფრო გამჭვირვალე და სანდო იყოს.
ჩვენ მომავალშიც განვაგრძობთ ამ პროცესთან დაკავშირებით გამჭვირვალობის წახალისებას, რადგან ამ მოვლენების პოლიტიკური ხილვადობა მაღალია და მთავარი გამჭვირვალობაა. ადამიანს დემონსტრაციის და საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება აქვს, ოღონდ კონსტიტუციის გათვალისწინებით და დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, მივალთ კონსენსუსამდე. ეს კი, ორივე მხრიდან კეთილ ნებას საჭიროებს",- ამბობს ჰარცელი.
20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.
ამას კი წინ უძღოდა პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებისადმი რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრის სერგეი გავრილოვის მიმართვა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მოჰყვა.





