თამარ გაზდელიანი
ლომჯარია: აქციაზე მყოფი ყველა პოლიტიკოსი ვალდებული იყო თავიდან აეცილებინა პოლიციასთან შეტაკება
პოლიტიკა

ნინო ლომჯარია
ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი
"ძალიან სამწუხაროა ის, რომ 20 ივნისის საღამოს ძალადობის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. ყველა იქ მყოფი პოლიტიკოსის ვალდებულება იყო, რომ მაქსიმუმი გაეკეთებინათ, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული პოლიციასთან შეტაკება, რაც ადამიანების დაშავებას აუცილებლად გამოიწვევდა", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ნიკა მელიას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.
რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას და ბრალს, ამ შემთხვევაში ნიკა მელიას როლი რა იყო და შეგროვებული მტკიცებულებები რამდენად საკმარისია იმისთვის, რომ ამ კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებით მას ბრალი წარადგინოს, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვს და დღეს კომენტარს ვერ გააკეთებს.
"ჩვენ ვეცდებით საქმის მასალებს გავეცნოთ. ასევე, ნიკა მელიას ალბათ ადვოკატი ეყოლება და მასაც მოვუწოდებ, რომ ყველა ის ინფორმაცია მოგვაწოდოს რასაც მას პროკურატურა გადასცემს. მასალებს შევისწავლით და აღნიშნულ საქმეს მონიტორინგს გავუწევთ", - განაცხადა ომბუდსმენმა.
კითხვაზე, შეიცავდა თუ არა ნიკა მელიას მოწოდება დანაშაულის ნიშნებს, ლომჯარია ამბობს, რომ მხოლოდ მელიას განცხადებას ვერ შეაფასებს.
"იმიტომ, რომ მტკიცებულებების ერთობლიობა უნდა ვნახო იმისთვის, რომ დავადგინოთ ის მუხლი და განზრახვა თუ ჯგუფურია თანამზრახველები უნდა ინახოს. მასალებს და მტკიცებულებებს უნდა გავეცნოთ და შემდეგ ვიტყვი რამდენად არის საკმარისი მტკიცებულებები ბრალის წარსადგენად", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პროკურორი მის მიმართ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე პარლამენტისგან თანხმობას ითხოვს.
პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 25 ივნისს ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით გუშინ მიმართა.
21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. საქმე ეხება 19-20 ივნისის საპროტესტო აქციას.
20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.
რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა.





