მთავრობამ 2017-2018 წლების ანტიკორუფციული სტრატეგია დაამტკიცა
პოლიტიკა

ანტიკორუფციულმა საბჭომ, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბარამიძე ხელმძღვანელობს, ანტიკორუფციული სტრატეგია და ახალი, 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
ახალ სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახულია ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO), "ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელისა" (OECD-ACN) და არასამთავრობო (TI, IDFI, GYLA) ორგანიზაციების რეკომენდაციები.
ახალი სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის მიღებას; მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გაძლიერებას; მშენებლობის მაკონტროლებელი ორგანოების კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესებას; საჯარო სამსახურში სამართლიანი ანაზღაურების სისტემის დანერგვას; პროკურორთა ანაზღაურებისა და წახალისების გამჭვირვალე და ობიექტური სისტემისა და პერიოდული შეფასების მექანიზმის დანერგვას და სხვა ცვლილებებს.
ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მომზადებულია სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მისიების რეკომენდაციების გათვალისწინებით.





