გიორგი მარგველაშვილი აქციის მონაწილეებს: კობახიძე ეტა რაზ, გახარია ეტა დვა
პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი
ფოტო: გუგა თამაზაშვილი
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოვიდა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თავისუფლების ხე დროდადრო უნდა იყოს მორწყული პატრიოტთა სისხლით და ეს სისხლი აქ დაიღვარა:
„და ეს სისხლი დღეს არის საწინდარი იმისა, რომ თქვენ იქნებით ამით გაერთიანებული, რომ არ შეგეშინდებათ და ამით შედუღაბებული ხართ. ჩვენმა თაობამ ეს 30 წლის წინ ძალიან მტკივნეულად გააკეთა. მაშინაც აქ დაიღვარა სისხლი, სისხლი უმანკო ბავშვების და მაშინ ამ სისხლის მისტიკამ უდიდესი იმპერია დაარღვია. ამიტომ ასე გაერთიანებული იმ გმირობით რაც აქ შედგა, მჯერა რომ მომავალი დაიწერება ძალიან ნათელი და ძალიან წმინდა. იმ ხალხს ვინც სამწუხაროდ დღეს თქვენ დაგიპირისპირდათ ძალიან სუსტი ილეთები და ხრიკები გააჩნია თქვენს წინააღმდეგ.
მმართველ გუნდს დღეს დარჩა მდარე პიარი, მდარე ჭორაობის დონის ბოტები და მეორე მხრივ რაღაცნაირი მკრახაბელური ვაჭრობა, ვაჭრობა რომელიც ვერ შდგება და იმიტო ვერ შედგება რომ აქ არის სიმართლე, ძალა და სურვილი საქართველოს მომავლისა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გამოსვლის ბოლოს ყოფილმა პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს იუმორით მიმართა: „კობახიძე ეტა რაზ, გახარია - ეტა დვა“, რითიც თავისი ძველი გამონათქვამი გაიმეორა, როდესაც 2013 წელს ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ არიან მისი ფავორიტი მინისტრები „ქართული ოცნების“ მთავრობაში, თქვა: „სერგეენკო - ეტა რაზ, წულუკიანი - ეტა დვა, ღარიბაშვილი - ტრი...“ და ა.შ.
გუშინ აქციაზე მარგველაშვილის მეუღლე მაკა ჩიჩუა იყო მისული.
დღეს პარლამენტთან აქცია ისევ განახლდა, ცოტა ხნის წინ გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა.
20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.
20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.
24 ივნისს შსს-მ განაცხადა, რომ აქციის დაშლაში მონაწილე ორი სამართალდამცველის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაული გამოიკვეთა.



