ნანა ქაჯაია
1 მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება
პოლიტიკა

მთავრობის სხდომა
1 მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება და პროგრამის ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ 100 000-ს აღემატება, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდებათ. ცვლილებათა პაკეტი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილება.
რაც შეეხება საყოველთაო პროგრამის ჯუფებსა და დაფინანსების პირობებს, ის შემდეგნაირად განისაზღვრა: საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს, მიეცემათ არჩევნის საშუალება - ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით.
გარდა ამისა, ამ კატეგორიაში შემავალ მოქალაქეებს პროგრამის ფარგლებში, კერძო დაზღვევის პაკეტის ქონის მიუხედავად, შეუნარჩუნდებათ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა კერძოდ, ქიმიო და ჰორმონოთრაპია. ასევე, მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება.
თვითდასაქმებულ, არარეგულარული შემოსავლის მქონე პირებს კერძო დაზღვევის ქონის მიუხედავად, შეუნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის უფლება, თუმცა მცირედ შეზღუდული პაკეტით. ასევე, მათ მიეცემათ გარდამავალი ეტაპის პრივილეგია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ამ კატეგორიაში შემავალი მოქალაქე შეიძენს კერძო სადაზღვევო პაკეტს, პროგრამის ფარგლებში გადაუდებელი სერვისები მიეწოდებათ უცვლელად. ასევე, ხელმისაწვდომი რჩება ონკოლოგიური დაავადებების მართვა (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია) და მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება.
სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, პირებს რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა, და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩუნდებათ. ამასთან, მათ არ ეზღუდებათ კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება.
მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური (და არა ოჯახის) შემოსავლის მიხედვით. პროგრამის ფარგლებში მშობიარობა ყველა ჯგუფს დაუფინანსდება. ასევე, ყველა ჯგუფი დარჩება ჯანდაცვის სახელმწიფო სხვა პროგრამების (მაგ: C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის, დიაბეტის მართვისა და ა.შ) მოსარგებლეებად.
ცვლილების მიზანია სოციალური სამართლიანობის შექმნა. გარდა ამისა, სადაზღვევო ინდუსტრიას ექნება ყველა ბერკეტი, რომ აქტიური მარკეტინგით შეძლონ, მომხმარებლების მიზიდვა.





