ნინო არღვლიანი
ირაკლი კობახიძე 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაციასთან საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობს
პოლიტიკა

ფოტო: ნინო არღვლიანი
ეროვნული პლატფორმის წევრ არასამთავრობოებთან შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობენ.
"კონსტიტუცია არის დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს ქვეყნის ცხოვრებას, დაახლოებით 4 თვის განმავლობაში წარიმართა პროცესი და ამ პროცესის საფუძველზე უზენაეს კანონში შედის ფუნდამენტური ცვლილებები. ორი ამოცანა დაისახა კომისიამ, ერთი - მოეყვანა დოკუმენტი სრულ შესაბამისობაში ფუნდამენტურ პრინციპებთან, რომელიც დღეს არ არსებობს, და მეორე - ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან და დემოკრატიულ განვითარებას უკავშირდება. ვფიქრობ, რომ კომისიამ დაკისრებულ მოვალეობას თავი გაართვა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის დაწყების წინ.
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს კონსტულტაციებს გამართავენ ოპოზიციური პარტიებიც.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-საყოველთაო განხილვის პარალელური კამპანიის დაწყებას გეგმავენ. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, მათი მიზანია საზოგადოებამ ქვეყნის შიგნით და გარეთ გაიგოს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ნულოვანი კონსესუსით დაიგეგმა.
საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების პროექტს - სამუშაო ვერსიის მუხლებს და ალტერნატიულ წინადადებებს მხარი 22 აპრილს დაუჭირა (43 მომხრე, 8 წინააღმდეგი).





