სოფიკო ბერიძე
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციამ კონსულტაციები დაიწყო
პოლიტიკა

ოპოზიციურმა პარტიებმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსტულტაციები დაიწყო. როგორც "ტელეიმედს" პარტიაში "სახელმწიფო ხალხისთვის" განუცხადეს, პარტიებთან ერთად დღევანდელ შეხვედრას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-საყოველთაო განხილვის პარალელური კამპანიის დაწყებას გეგმავენ. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, მათი მიზანია საზოგადოებამ ქვეყნის შიგნით და გარეთ გაიგოს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ნულოვანი კონსესუსით დაიგეგმა.
საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების პროექტს - სამუშაო ვერსიის მუხლებს და ალტერნატიულ წინადადებებს მხარი 22 აპრილს დაუჭირა (43 მომხრე, 8 წინააღმდეგი).
დოკუმენტს ვენეციის კომისიას გადაუგზავნიან. დაიწყება ერთთვიანი საყოველთაო სახალხო განხილვა.
ცვლილებები პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე დამტკიცდება.
საკონსტიტუციო კომისია 4 თვის განმავლობაში მუშაობდა. პროცესში მონაწილეობაზე თავიდანვე უარი თქვა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. კომისია მუშაობის დასასრულს დატოვა ოპოზიციამ. მათი შეფასებით, მმართველმა გუნდმა პროექტი საკუთარ ინტერესებს მოარგო.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი კომისიის წევრებს გადაეგზავნათ. პროექტის მიხედვით: საქართველოს პრეზიდენტს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, უქმდება მაჟორიტარული სისტემა, კონსტიტუციით განისაზღვრება ოჯახის დეფინიცია, გენერალურ პროკურორს საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს და მისი არჩევის წესში საპეროკურორო საბჭო აღარ ფიგურირებს, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ქვეყნის უზენაეს კანონს ემატება მე-11 თავი რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას უკავშირდება, პროექტში პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული აღარ არის.





