გახარია: პოლიციამ ბოლომდე გამოიყენა თმენის ვალდებულება, სანამ ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე
პოლიტიკა

გიორგი გახარია
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი გადაეზრდათ ძალადობაში, რომელიც მიმართული იყო პოლიციის წინაღმდეგ, რომელმაც საბოლოოდ მიიღო პარლამენტის შტურმის სახე. ეს არის უმძიმესი რამ, რაც ამ ქვეყანაში უკვე ათწლეულებია არ მომხდარა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა განცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, მოხდა ჯგუფური თავდასხმები პოლიციაზე და ჯგუფური თავდასხმები პარლამენტის შენობაზე შეჭრის მიზნით.
„კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ პოლიციამ ბოლომდე, მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება, სანამ ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე, პოლიციელები საერთოდ არ განძრეულან, უბრალოდ იდგნენ და იცავდნენ თავს. იქ, სადაც გადამეტების კონკრეტული ფაქტი იყო, რა თქმა უნდა, ჩვენ დეტალურად შევისწავლით“, - განაცხადა შს მინისტრმა.
გახარიას თქმით, ის თანამდებობას მაშინ დატოვებს, როდესაც ეს საჭირო გახდება.
მისივე თქმით, ყველა ადამიანი, ვინც მოუწოდებდა, მოახერხა და ორგანიზება გაუწია მშვიდობიანი აქციის ძალადობრივ აქციაში და პარლამენტისა და პოლიციელების წინააღმდეგ შტურმში გარდაქმნას, უმკაცრესად დაისჯება.
20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები. ჯამში, სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილია 240 პაციენტი, ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება 102 პაციენტი. 240-დან 80 იყო პოლიციელი. შსს-ს ინფორმაციით, სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე.
რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინ დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.
რუსეთის დელეგაციამ, მათ შორის სერგეი გავრილოვმა საქართველო დატოვა.




