რუსი დეპუტატების წინააღმდეგ აქციაზე წყლის ბოთლი ისროლეს. ფოტო და ვიდეო
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI
სასტუმრო "რადისონთან" მოქალაქეების ერთი ნაწილი მეორეს დაუპირისპირდა, იყო სიტყვიერი დაპირისპირება და წყლის ბოთლის სროლის ფაქტიც.
აქცია მანამდე პარლამენტთან გაიმართა, მოგვიანებით კი "რადისონთან" გადაინაცვლეს, სადაც რუსი დეპუტატები არიან. მოქალაქეებმა დეპუტატების დეპორტაცია მოითხოვეს.





პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ ბაქოდან კომენტარი ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
საპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და მის გადადგომას მოითხოვს.
პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, ასევე განცხადება გააკეთეს ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ.
პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.
მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე. რუსი დეპუტატის ქცევა "ევროპული საქართველოს" წევრებმაც გააპროტესტეს და მათ სპიკერატის ადგილი დაიკავეს.
თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას მასპინძლობს. ღონისძიებაზე 25 ქვეყნის დელეგაციების წარმომადგენლები არიან ჩამოსულები.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარე სერგეი გავრილოვი, რომლის გამოჩენასაც საქართველოს პარლამენტში ვნებათაღელვა მოჰყვა, რუსეთის სახელმწიფო დუმაში კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს. ის რუსეთის პარლამენტის მეხუთე (2007), მეექვსე (2011) და მეშვიდე (2016-დან) მოწვევების წევრია.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გავრილოვი აფხაზეთის ომში სეპარატისტების მხარეს იბრძოდა, რასაც რუსი დეპუტატი კატეგორიულად უარყოფს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გავრილოვი ნამყოფია დნესტრისპირეთში, კოსოვოსა და სირიაში, სადაც ასევე რუსეთის საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობაში ჩადიოდა.
გავრილოვი ასევე არის ორგანიზაცია „საიმპერატორო მართლმადიდებლური პალესტინის საზოგადოების“ საბჭოს წევრი. აღსანიშნავია, რომ „საიმპერატორო მართლმადიდებლური პალესტინის საზოგადოების“ თავმჯდომარე გენერალ-პოლკოვნიკი, რუსეთის ყოფილი შს მინისტრი და პრემიერმინისტრი სერგეი სტეპაშინია.





