ვატო შაქარაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის დაწყება მოითხოვა
პოლიტიკა

ფოტო: Facebook
თბილისის საკრებულოს წევრი ვატო შაქარაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადეს. შაქარაშვილმა ბანერი გააკეთა რომელზეც წერია: კობახიძე=გავრილოვს. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ნიკა მელიამ.
პარლამენტში ასევე გაჩნდა წარწერა ასამბლეასთან დაკავშირებით გაკეთებულ ბანერზე, სადაც წერია რომ „დაიწყოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცესი“.
პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.
ირაკლი კობახიძის სკამიდან რუსი დეპუტატის მიმართვას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. "რა მართლმადიდებლური კავშირი შეიძლება იყოს ოკუპანტ რუსეთთან, რომელიც ყველა ქრისტიანულ წესს ებრძვის?", - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ზე.
პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
პარლამენტის ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე რუსი დეპუტატის ნახვამ "გაანადგურა". "ჩემთვის ყველა დღე იმაზე ფიქრში გადის პარლამენტი სრულად შემდგარ სახელმწიფო ინსტიტუციად როგორ ვაქციოთ. რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა", - დაწერა თამარ ჩუგოშვილმა Facebook-ზე.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ კი კონფერენციის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა.
რუსი დეპუტატის ქცევა "ევროპული საქართველოს" წევრებმაც გააპროტესტეს და მათ სპიკერატის ადგილი დაიკავეს.
თამარ ჩუგოშვილის შეფასებას გამოეხმაურა ზაქარია ქუცნაშვილი: "დიპლომატიური ქაჯობაა როცა ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა პერსონაზე დაგყავს", - თქვა ქუცნაშვილმა.
თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას მასპინძლობს. ღონისძიებაზე 25 ქვეყნის დელეგაციების წარმომადგენლები არიან ჩამოსულები.



