imedi
ჯანელიძე: საქართველოსა და ესტონეთს შორის შეიძლება პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს
პოლიტიკა

მიხეილ ჯანელიძე სვენ მიკსერი
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიკსერი. ის ქართველ კოლეგას, მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მიკსერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველო ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს როგორც ევროკავშირთან, ისე ნატო-სთან. მიხეილ ჯანელიძემ ესტონელ კოლეგას ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. "ესტონეთთან დღეს გვაკავშირებს უპრეცედენტოდ აქტიური უწყებათაშორისი თანამშრომლობა. ნიშანდობლივია, რომ თანამშრომლობის ის სფეროები, რომელიც გამოიკვეთა ორმხრივ ფორმატში, პირდაპირ ეხმიანება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას“, - განაცხადა ჯანელიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებსა და ტურიზმზე ისაუბრა. "2016 წელს სავაჭრო ბრუნვა გაზრდილია 21%-ით, მათ შორის საქართველოდან ექსპორტი - 24%-ით. გაზრდილია ქვეყნებს შორის ტურისტული მიმოსვლის მაჩვენებელი, რასაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას ხელს შეუწყობს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა. საქართველოს საელჩო ესტონეთში აქტიურად მუშაობს ესტონურ კომპანიებთან და მიმდინარეობს მოლაპარაკებები პირდაპირი რეისების განხორციელებაზე", - განაცხადა ჯანელიძემ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს დღეს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. ვიზიტის ფარგლებში სვენ მიკსერი ასევე მოინახულებს საოკუპაციო ხაზს და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.





