imedi
სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ქართული დელეგაცია ვენეციის კომისიას შეხვდება
პოლიტიკა

ევროპარლამენტი
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელიც სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დასასწრებად იმყოფება, დღეს ვენეციის კომისიის წევრებთან შეხვედრას გამართავს.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ვენეციის კომისიას კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს გააცნობს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ შეხვედრაზე საუბარი საქართველოში განხორციელებულ სისტემურ რეფორმებს შეეხება. ოპოზიციის თქმით კი, ისინი გეგმავენ, კომისიას საკანონმდებლო კუთხით საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები გააცნონ.
საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების პროექტს - სამუშაო ვერსიის მუხლებს და ალტერნატიულ წინადადებებს მხარი 22 აპრილს დაუჭირა (43 მომხრე, 8 წინააღმდეგი). დოკუმენტს ვენეციის კომისიას გადაუგზავნიან. დაიწყება ერთთვიანი საყოველთაო სახალხო განხილვა. ცვლილებები პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე დამტკიცდება.
საკონსტიტუციო კომისია 4 თვის განმავლობაში მუშაობდა. პროცესში მონაწილეობაზე თავიდანვე უარი თქვა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. კომისია მუშაობის დასასრულს დატოვა ოპოზიციამ. მათი შეფასებით, მმართველმა გუნდმა პროექტი საკუთარ ინტერესებს მოარგო.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციას თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს. საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში მმართველო პარტია მონიტორინგიდან პოსტმონიტორინგის ეტაპზე გადასვლას მოითხოვს. კიდევ ერთი მოთხოვნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესწავლა იქნება. ქართულ დელეგაციას ასამბელის ფარგლებში დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის საპარლამენტო ასამბეის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრებიევროპის საბჭოს გენერალურ მდივან თორბიორნ იაგლანდთან, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან, ნილს მუჟნიეკსთან და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციებთან.





