სოფიკო ბერიძე
საქართველო და ირანი სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სატრანზიტო დერეფნის განვითარებაზე შეთანხმდნენ
პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი ესჰაყ ჯაჰანგირი
თეირანში სამთავრობო კომპლექსში გამართული შეხვედრების შემდეგ საქართველოს პრემიერმინისტრმა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველმა ვიცეპრეზიდენტმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე დღის წინა საქართველოში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მუჰამედ ჯავად ზარიფის ვიზიტი გაიხსენა და განაცხადა, რომ ასეთი ვიზიტები ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გააქტიურების ნათელი დადასტურებაა.
მისივე თქმით, ირანის პირველ ვიცეპრემიერთან შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი საკითხები და გარკვეულ შეთანხმებასაც მიაღწიეს. "კერძოდ, საუბარია სპარსეთის ყურე-შავი ზღვის მიმართულებით სატრანზიტო დერეფნის განვითარებაზე და ასევე, ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე", - განაცხადა კვირიკაშვილმა
საქართველოს პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ირანსა და საქართველოს მეგობრობისა და კეთილმეზობლობის მრავალწლიანი ტრადიცია აკავშირებს. მისივე თქმით, ამ მხრივ 2017 წელი განსაკუთრებულია, რადგან ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი აღინიშნება. გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა მუდმივად აფიქსირებდა მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რის გამოც, ირანის სახელმწიფოს და ირანელ ხალხს მადლობა გადაუხადა.
ირანის პირველმა ვიცეპრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფნის პროექტზე."ამ დერეფნის საწყისი ქვეყნებია ირანი-აზერბაიჯანი-საქართველო შავი ზღვისპირეთი, ან - ირანი-სომხეთი-საქართველო შავი ზღვისპირეთი. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ოთხმხრივი შეთანხმება ირან-საქართველო-სომხეთ-რუსეთს შორის ელექტროსისტემების სინქრონიზაციის თაობაზე, რომ წლის სხვადასხვა პერიოდში მოხდეს ელექტროენერგიის გაცვლა", - განაცხადა ესჰაყ ჯაჰანგირმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების მთავარი მიზანი ცალსახაა, ორი ქვეყნის მთავრობას აქვს ურყევი ნება, განავითაროს თანამშრომლობა.
საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში დღეს დაიწყო.





