ქეთევან ლაცაბიძე
არასამთავრობო სექტორი საკონსტიტუციო კომისიას წინადადებებს სთავაზობს
პოლიტიკა

არასამთავრო ორგანიზაციების ბრიფინგი
ფოტო: ქეთი ლაცაბიძე
არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო კომისიას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონკრეტულ ალტერნატიულ წინადადებებს სთავაზობენ. კერძოდ, შემცირდეს საარჩევნო ბარიერი 3%-მდე. გარდა ამისა, მესამე სექტორი კომისიას სთავაზობს გადაუნაწილებელი მანდატები ყველა ბარიერგადალახულ პარტიაზე პროპროციულად გადანაწილდეს. გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს მეორე ვერსიაც აქვთ, რომელიც კომპრომისულია. კერძოდ, პირველ ადგილზე გასულ პარტიას მანდატები შეევსოს 80 დეპუტატამდე, იმისთვის რომ შესძლოს მთავრობის დაკომპლექტება. საარჩევნო სისტემაზე წარდგენილი ალტერნატიული ვარიანტი ის საკითხია, რომელზეც ყველა ამ თემაზე მომუშავე ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია თანხმდება.
ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საერთო-სახალხო განხილვების დროსაც იაქტიურებენ და ვენეციის კომისიასთანაც ითანამშრომლებენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ვენეციის კომისიისთვისაც მიუღებულია ის ინიციატივა, რომელიც მმართველმა გუნდმა წარადგინა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, კერძოდ, გადაუნაწილებელ მანდატებზე. მესამე სექტორი მმართველ პარტიას დაფიქრებისკენ მოუწოდებს. "სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია არ ფიქრობს მომავალზე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაძლევთ შანსს დაფიქრდეს ამ წინადადებებზე, რადგან კონსტიტუცია უნდა იყოს მრავალპარტიული ცხოვრების და დემოკრატიულობის გარანტი", - განაცხადა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა.
მესამე სექტორის მიერ წარდგენილი წინადადებები ეხება ასევე პრეზიდენტის არჩევის წესს, უზენაესი სასმართლოს დაკომპლექტების საკითხს და ქორწინების დეფინიციის განსაზღვრას.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი კომისიის წევრებს 3 დღის წინ გადაეგზავნათ. პროექტის მიხედვით: საქართველოს პრეზიდენტს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, უქმდება მაჟორიტარული სისტემა, კონსტიტუციით განისაზღვრება ოჯახის დეფინიცია, გენერალურ პროკურორს საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს და მისი არჩევის წესში საპეროკურორო საბჭო აღარ ფიგურირებს, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ქვეყნის უზენაეს კანონს ემატება მე-11 თავი რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას უკავშირდება, პროექტში პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული აღარ არის.
სამუშაო ვერსიის მუხლებზე და ალტერნატიულ წინადადებებზე კენჭისყრა დღეს ჩატარდება.
ცვლილებები საყოველთაო სახალხო განხილვების შემდეგ, პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე დამტკიცდება.





